თავს ყოველთვის იმ ქართველად მივიჩნევდი, რომელიც პროფესიული თუ პირადი მოტივის გამო იქ ცხოვრობს, სადაც საჭიროდ მიაჩნია…
ბევრი წარმატებული ქართველი მოღვაწეობს დღეს უცხოეთში. პაატა კალანდაძე იტალიაში ცხოვრობს. ის წარმატებული კარდიოქირურგია. სხვადასხვა დროს ბატონი პაატა მუშაობდა მოსკოვის კარდიოქირურგიის ცენტრში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში საფრანგეთში, მაგრამ თავი ემიგრანტად არასდროს უგრძნია. სპეციალიზირებულია როგორც მოზარდთა, ისე ბავშვთა კარდიოქირურგიაში. საქართველოში ხშირად ჩამოდის და უახლოეს თვეებში სამშობლოში ოპერაციების ჩატარებასაც გეგმავს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს იტალიაში მოღვაწე ქართველ ექიმთან.
_ ბატონო ბუბა, ასე მოგმართავთ, რადგან მგონი, ყველა ასე გიცნობთ. როგორ დაიწყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრება რამდენადაც ვიცი, მანამდე რუსეთში, ინგლისსა და ავსტრალიაში მოღვაწეობდით?
_ ემიგრანტი ალბათ არასოდეს ვყოფილვარ, ორი მიზეზის გამო. პირველი, იმიტომ, რომ სადაც ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ყველგან კარგად ვგრძნობ თავს და ადვილად ვეჩვევი იმ გარემოს, სადაც ვიმყოფები. მეორე, ის, რომ თავს ყოველთვის იმ ქართველად მივიჩნევდი, რომელიც პროფესიული თუ პირადი მოტივის გამო იქ ცხოვრობს, სადაც საჭიროდ მიაჩნია. თქვენ ზემოთ ჩამოთვალეთ ქვეყნები: რუსეთი, ინგლისი, ავსტრალია, იტალია სადაც მე ვმუშაობდი და ვცხოვრობდი, ალბათ ზოგიერთს უცნაურად მოეჩვენება მაგრამ ამ ქვეყნებიდან ემიგრანტად რუსეთში უფრო ვგრძნობდი თავს. ასე რომ, ეს ყველაფერი გეოგრაფიაზე კი არა, ადამიანის მენტალიტეტზეა დამოკიდებული.
_ თქვენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრეთ, გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ მედიცინა?
_ ბავშვობაში ბებიასთან სახლში ექიმობანას ვთამაშობდი, მქონდა თეთრი ხალათი და ბაბუას ნაყიდი სათამაშო სამედიცინო ხელსაწყოები. ახლა რომ წარმოვიდგენ პატარა ბავშვს თეთრ ხალათში და ნემსით ხელში, სიცილს ვერ ვიკავებ. სხვათა შორის ბაბუაჩემი ექიმობის გარდა პრეზიდენტობასაც მაჩვევდა, დამაყენებდა სათამაშო მანქანაზე და ასე ვიბარებდი აღლუმს. მაგრამ სამწუხაროდ ამ ორი პროფესიიდან ექიმობა ვარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახში სამედიცინო ტრადიციები არ არის. პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, ბევრი არ მიფიქრია და სამედიცინოზე ჩავაბარე. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ინტერესები არ მქონდა.
_ რამდენადაც ვიცი, პედიატრიაშიც მუშაობთ, ალბათ ბავშვთა კარდიოქირურგია სრულიად განსხვავებული პროფილია?
_ უნივერსიტეტში პედიატრიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და, მართალი გითხრათ, ექიმობა მხოლოდ ბავშვებისთვის მინდოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ალბათ, როგორც ახალგაზრდების უმრავლესობას სურს, გადავწყვიტე, ყველაზე ახალი და ძნელი საქმისთვის მომეკიდა ხელი. იმ დროს მხოლოდ მოსკოვში იყო ახალშობილთა კარდიოქირურგია, რომლის ხელმძღვანელი ლადო ალექსი-მესხიშვილი ჩემთვის მაგალითი იყო და მეც მასთან წავედი. ეს იყო 90-იანი წლები, მას შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლების ქირურგიული თვალსაზრისით და უფრო მეტის ახალი ტექნოლოგიებისა და ჰიბრიდული დარგების შექმნით.
_ ამჟამად რომელ კლინიკაში მოღვაწეობთ?
_ თითქმის ბოლო ათი წელია ვმუშაობ PoliclinicodiMonza–ში. რომელიც მილანთანაა ახლოს.
_ არის თუ არა იტალიაში კარდიოქირურგია წამყვანი დარგი და რა მიღწევებია ამ თვალსაზრისით?
კარდიოქირურგია წამყვანი დარგია ყველა განვითარებულ ქვეყანაში და რა თქმა უნდა იტალიაშიც. თუ რამდენიმე ათწლეულის წინ სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით განსხვავება იყო ევროპის ქვეყნებს შორის, ახლა ასეთი განსხვავება დასავლეთ ევროპაში აღარ არსებობს და კარდიოქირურგიის დონე ძალიან მაღალია. ისევე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ქირურგიის თვალსაზრისით უკვე ყველაფერი გაკეთებულია და განვითარება მიმდინარეობს ძირითადად მაღალი ტექნოლოგიების, გენური ინჟინერიისა და ახალი პროფესიების, როგორიცაა კარდიოლოგის და კარდიოქირურგის შერწყმა.
_ ხშირად სტუმრობთ საქართველოს და გაქვთ თუ არა აქ საქმიანი კონტაქტები?
საქართველოში წელიწადში 3-4 ჯერ ჩამოვდივარ. პირველ ყოვლისა, სახლში, ჩემების და მეგობრების სანახავად და, რა თქმა უნდა, პროფესიული კავშირებიც მაქვს. ვთანამშრომლობდი სხვადასხვა კარდიოქირურგიის ცენტრთან და ახლა ვთანამშრომლობ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან.
_ რა წინსვლაა საქართველოში ამ დარგის განვითარების თვალსაზრისით? ვინ არიან, თქვენი აზრით, წამყვანი სპეციალისტები?
_ კარდიოქირურგიამ საერთოდ დიდი განვითარება განიცადა და რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის პროგრესი. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ახალ თაობას შევუქმნათ შესაძლებლობა, რათა მათ საუკეთესო განათლება მიიღონ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ და, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა ახალგაზრდების მიერ სრულად უნდა იყოს გამოყენებული, რათა განვითარდეს არა მარტო მედიცინა, არამედ მეცნიერების ყველა დარგი. სწორედ ამ გზით გავხდებით ცივილიზებული სამყაროს წევრები.
_ ხომ მარ გეგმავთ უახლოეს ხანებში საქართველოში ჩამოსვლას და ოპერაციების ჩატარებას?
_ ვაპირებ ჩამოსვლას და ოპერაციების გაკეთებას უახლოეს თვეებში და, როგორც ყოველთვის, იტალიურ გუნდთან ერთად.
_ გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებაც.
ჩემი ოჯახის წევრები არიან ნანა და ჯემალი- დედა და მამა; გოგა –ძმა თავის მეუღლესთან და რვა შვილთან ერთად: ნანუკა, სანდრო, მარიამი, ანდრო, ნიკო, ნატო, ლუკა და დიმიტრი.
დედაჩემმა და მამაჩემმა ასევე ბებიამ, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის, ბევრი გააკეთეს, რათა ჩემთვის ყველანაირი საშუალება მოეცათ, რომ მე ის მეკეთებინა, რაც მსურდა.
ახლა, ჩემი მხრივ, მინდა დავეხმარო ჩემს ძმისშვილებს, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი გზა აირჩიონ და ემსახურონ სამშობლოს. ნანუკამ უკვე გაატარა 2 წელი იტალიაში და ახლა კანადაში სწავლობს, სანდრო ახლა ჩემთანა არის და ესეც სექტემბრიდან კანადაში წავა. შემდეგ ალბათ დანარჩენებიც ჩამოვლენ და ა.შ.
დედაჩემმა და მამაჩემმა ასევე ბებიამ, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის, ბევრი გააკეთეს, რათა ჩემთვის ყველანაირი საშუალება მოეცათ, რომ მე ის მეკეთებინა, რაც მსურდა.
ახლა, ჩემი მხრივ, მინდა დავეხმარო ჩემს ძმისშვილებს, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი გზა აირჩიონ და ემსახურონ სამშობლოს. ნანუკამ უკვე გაატარა 2 წელი იტალიაში და ახლა კანადაში სწავლობს, სანდრო ახლა ჩემთანა არის და ესეც სექტემბრიდან კანადაში წავა. შემდეგ ალბათ დანარჩენებიც ჩამოვლენ და ა.შ.
_ აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?
- მომავლის გეგმებს არასოდეს ვაწყობ და ვცხოვრობ დღევანდელი დღით. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან დავბრუნდები.
….
Комментариев нет:
Отправить комментарий